კომპანია „ვოლვომ“ გამოაცხადა, რომ თავისი ყველა ახალი ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეს 180 კილომეტრ საათით შეზღუდავს. შვედური კომპანია იმედოვნებს, რომ შეასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებას, რომლის შესაბამისადაც 2020 წლისთვის მისი ავტომობილებით ფატალური ავარიები აღარ უნდა მოხდეს.
კომპანია არ აკონკრეტებს, თუ რამდენი ფატალური შემთხვევა ხდება მის მიერ წარმოებული ავტომობილებით. თუმცა, ცნობილია, რომ „ვოლვოს“ ამ მხრივ ავტოინდუსტრიაში ყველაზე კარგი მაჩვენებლები აქვს. სიჩქარის შეზღუდვის გარდა, კომპანია ბევრ ახალ ტექნოლოგიას ნერგავს იმისთვის, რომ მიზნის მიღწევა შეძლოს. მათ შორისაა სისტემა, რომელიც კამერების დახმარებით, მძღოლის ფიზიკურ მდგომარეობას აკვირდება. სისტემა მართვის საშუალებას არ მოგცემთ, თუ დაღლა ან ინტოქსიკაციის ნიშნები დააფიქსირა. ცნობისთვის, „ვოლვო“ ჩინური „ჯილის“ მფლობელობაშია.