გერმანულმა საავტომობილო კომპანიამ Volkswagen AG-მ და გერმანიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა გაერთიანებამ VZBV-მ, "დიზელგეიტის" საქმის „მშვიდობიანად მოსაგვარებლად“ მოლაპარაკებები დაიწყეს.
როგორც ორივე კომპანიის ერთობლივ განცხადებაში წერია, VZBV-სა და Volkswagen-ის მიზანია პრაგმატულ გადაწყვეტილებამდე მისვლა, კლიენტების ინტერესების დაცვით.
2015 წელს ამერიკის ხელსუფლების მიერ ინიცირებული გამოძიების შედეგად, VW იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მის მიერ გაყიდულ 10 მილიონზე მეტ დიზელისძრავიანი ავტომობილის გამოსაბოლქვ სისტემაში ჩამონტაჟებული იყო ჩიპი, რომელიც გამონაბოლქვის მონაცემების მანიპულირების საშუალებას იძლეოდა.
„დიზელგეიტმა“ ავტომობილების მასიური გაწვევა გამოიწვია. Volkswagen-მა კი, ამერიკის ხელისუფლებასთან საჯარიმო და საკომპენსაციო თანხის დადგენა/გადახდაზე შეთანხმებას მიაღწია და მას ჯამურად 18 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწია.