უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, 26 თებერვალი ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ გამოცხადდა. ზელენსკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ დადგება დღე, როცა ყირიმი საკუთარ სახლს დაუბრუნდება.
"კვირაში შვიდი დღეა, დედამიწა მრგვალია, ყირიმი უკრაინაა! შესაძლოა, ჩვენი საზოგადოება ბევრ საკითხზე კამათობდეს, მაგრამ აქ უკრაინელები 100%-ით ერთიანები ვართ... ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყირიმის თავზე კვლავ უკრაინის დროშა ფრიალებდეს. კი, ეს ძალიან რთული საკითხია, რომელიც სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში ვერ გადაწყდება, მაგრამ არის რაღაცები, რაც ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ დღეს", - აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. ანექსიას წინ უძღოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ინტერვენცია და ოკუპაცია.