რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხაბაროვსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად სახელმწიფო დუმის დეპუტატი, „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი მიხაილ დეგტიარიოვი დაასახელა.
როგორც პუტინმა ვიდეოკოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრისას განაცხადა, ხაბაროვსკის მხარე რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი უმსხვილესი სუბიექტია, დიდი ინდუსტრიული პოტენციალითა და ავთენტური კულტურით.
„ეს თქვენგან მოითხოვს მთელს ძალისხმევას, უნარების, შესაძლებლობებისა და ნიჭის დემონსტრირებას“, - განუცხადა პუტინმა დეგტიარიოვს.
მის შეთავაზებას დეპუტატი უკვე დათანხმდა და აღნიშნა, რომ მზად არის დაუყოვნებლივ გაემგზავროს ხაბაროვსკის მხარეში. აქვე, ვლადიმერ პუტინმა ამჟამად დაკავებული მოქმედი გუბერნატორი, სერგეი ფურგალი ოფიციალურად გაათავისუფლა თანამდებობიდან.
შეგახსენებთ, ხაბაროვსკის გუბერნატორი სერგეი ფუგალი რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ის 15 წლის წინ ბიზნესმენების მკვლელობის შეკვეთაშია ეჭვმიტანილი. მისი დაკავების შემდეგ ხაბაროვსკის ოლქში საპროტესტო აქციები იმართება. ფუგალი ასევე „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ წევრია. ორი წლის წინ მან არჩევნებში პუტინის პარტიის, "ედინაია რასიას" კანდიდატი დაამარცხა და მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია კრემლის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა, ფურგალის გამარჯვება, "ედინაია რასიასთვის" დარტყმა იყო.