რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, - ამ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში ვითარება სტაბილურია და 9 ნოემბრის შეთანხმებებს, რომლებსაც რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მიაღწიეს, უმეტეს შემთხვევაში იცავენ. მხარეებმა აღნიშნეს რუსი სამშვიდობოების წარმატებული მუშაობა, რომლებიც ბაქოს და ერევნის თხოვნით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვასა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. მათ ასევე დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა მთიანი ყარაბაღის საკითხების მოგვარების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით შემდგომი კოორდინაციისთვის, განსაკუთრებით ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში,”- აცხადებენ კრემლის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ლტოლვილთა რეპატრიაციასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული პრობლემები, ინფრასტრუქტურის აღდგენა და რელიგიური და კულტურული ძეგლების შენარჩუნება ყველაზე მწვავე საკითხებად შეაფასეს.