ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან არ წყდება რუსეთის მიმართ არამეგობრული ქმედებები, რასაც ის ხშირ შემთხვევაში, არ პასუხობს. „ჩვენ სხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა გვსურს. ვიქცევით მაქსიმალურად თავშეკავებულად, შეიძლება ითქვას მოკრძალებულად, ხშირად საერთოდ არ ვპასუხობთ არა მხოლოდ არამეგობრულ ქმედებებზე, არამედ პირდაპირ უხეშობაზე”, - აღნიშნა პუტინმა. როგორც მან ფედერალური კრებისადმი მიმართვაში განაცხადა, რუსეთს აქვს თავისი ინტერესები, რასაც იგი საერთაშორისო სამართლის ჩარჩოში დაიცავს. „ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ხიდების დაწვა, მაგრამ თუკი ვინმე ჩვენს კეთილ ზრახვებს გულგრილობად ან სისუსტედ აღიქვამს და თავად დააპირებს ამ ხიდების დაწვას ან აფეთქებას, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი იქნება ასიმეტრიული, სწრაფი და მკაცრი. ნებისმიერი პროვოკაციის ორგანიზატორები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებს, ინანებენ იმას, რაც გააკეთეს ისე, როგორც დიდი ხანია არაფერი უნანიათ,“- აღნიშნა პუტინმა.