რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ფორუმზე "რუსეთი გიხმობს" გლობალურ კლიმატურ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ნახშირორჟანგის გამოყოფაზე მთლიანად უარის თქმა, პრეისტორიულ პერიოდში, "გამოქვაბულებში დაგვაბრუნებს".
"როდესაც საუბარია ენერგიის წარმოების სხვა საშუალებების შემცირებაზე და მხოლოდ ქარისა თუ მზის ენერგიის გამოყენაზე, ვფიქრობ, რომ ასე კაცობრიობა ცხოვრებას გამოქვაბულებში დაასრულებს. - განაცხადა პუტინმა ფორუმზე. მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიები ისეა მოწყობილი, რომ ჰიდროკარბონების და ატომური ენერგიის გარეშე ცივილიზაციის არსებობა შეუძლებელია.
ცნობისთვის, კლიმატურ ცვლილებებზე რუსეთის პრეზიდენტმა ადრეც ისაუბრა. 2003 წელს მან იხუმრა, რომ თბილი ამინდები მარცვლეულის მოსავალს გაზრდიდა და შეამცირებდა ხარჯებს ბეწვის ქურთუკებზე. ამასთანავე ვლადიმერ პუტინმა ქარის ტურბინებიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ჩიტების სიკვდილს იწვევდა.