საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩებთან ერთად იმყოფებოდა, ხელახალ განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, რადგან მისმა პირველმა კომენტარმა, კერძოდ კითხვა-პასუხმა ინტერპრეტაციის საშუალება დატოვა, ამიტომ უწყებამ საჭიროდ ჩათვალა, რომ დაეზუსტებინათ. როგორც საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრო დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიურ კომუნიკაციაში იყო, თუმცა მათი ფიზიკური მობილიზაცია არ გაუკეთებია.
კონსტანტინიდი აცხადებს, რომ ელჩების ნაწილმა თავად გამოხატა ინტერესი და მივიდა პარლამენტში. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კი კონსტანტინიდმა განაცხადა რომ პირველად ესმის, თითქოს ვინმემ 20 ივნისს ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა.