ვისთვის არის გათვლილი ახალი სერვისი, რომელსაც ტექნიკის მაღაზიები მომხმარებელს სთავაზობენ - კომპანიების ნაწილმა შიდა განვადებები დაიწყო - Palitra News

ვისთვის არის გათვლილი ახალი სერვისი, რომელსაც ტექნიკის მაღაზიები მომხმარებელს სთავაზობენ - კომპანიების ნაწილმა შიდა განვადებები დაიწყო

2019-05-07 10:37:09+04:00

ტექნიკის მაღაზიების ნაწილმა შიდა განვადებების გაცემა დაიწყო. კომპანიებში ამბობენ, რომ ახალი სერვისი ძირითადად თვითდასაქმებულებზეა გათვლილი, რადგან მათ ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და დამატებითი საბუთების გარეშე, შეძლონ ტექნიკის შეძენა. ტექნო ბუმის დამფუძნებელის თქმით, თვითდასაქმებულებს საშუალება ექნებათ მხოლოდ პირადობის მოწმობითა და ნივთის ღირებულების 30% -ის წინასწარ გადახდით, ტექნიკის მაღაზიაში შიდა განვადებით ისარგებლონ. ამზორ ქოქოლაძე ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ეროვნულ ბანკთან შეთანხმებულია და იურისტებთან კონსულტაციებიც გაიარეს. შიდა განვადებებს სარისკოს უწოდებს კომპანია ბეკოს ხელმძღვანელი. მისი თქმით, იმ მომხმარებელთა ნახევარზე მეტი, რომელზეც განვადება შემოსავლის დადასტურებისგარესე გაიცემა, ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს. ბეკოში ამბობენ, რომ ურჩევნიათ საბანკო რეგულაციების შედეგად შემცირებული გაყიდვები სხვადასხვა ქალაქებში მაღაზიათა ქსელის გაფართოვებით და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდით დააკომპენსირონ. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ეროვნული ბანკის დებულება "ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ", რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა. შეზღუდვების გამო მაღაზიებს მიმდინარე წლის იანვარში, შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით, პროდუქციის გაყიდვა დაახლოებით 50%-ით შეუმცირდათ, თებერვალ-მარტში კი - 30-35%-ით. შემცირებული გაყიდვების გამო დაიკეტა ტექნიკის მაღაზიების ნაწილიც.