1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება - შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 22 დეკემბერს მიიღო. მთავრობის ინფორმაციით, საბჭოს გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებს შეეხება, კერძო სტრუქტრურებს კი, შეუძლიათ გადაწყვეტილება თავად მიიღონ.
იანვარში უქმე დღეების გამოცხადებასთან დაკავშირებით, მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8-9 იანვარი უქმე დღეებად განისაზღვრა.
დადგენილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს თუ თანამშრომლებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.
ასევე ეს დადგენილება არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.