ფინეთის ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ღრძილების დაავადება ონკოლოგიური პათოლოგიის აღმოცენების რისკს ზრდის. ისინი 10 წლის განმავლობაში იკვლევდნენ სხვადასხვა ასაკის 68 ათას ადამიანს, აკვირდებოდნენ მათი პირის ღრუს მდგომარეობას და შეისწავლიდნენ სიმსივნური პათოლოგიით სიკვდილიანობის მაჩვენებელს. მიღებული მონაცემების თანახმად, პაროდონტიტით დაავადებულთა 14% ონკოლოგიური პრობლემით გარდაიცვალა. პირები, რომლებიც საგულდაგულოდ უვლიდნენ კბილებს და საზოგადოდ პირის ღრუს, სიმსივნური დაავადებით იშვიათად იღუპებოდნენ. სპეციალისტთა დასკვნით, ღრძილების ბაქტერიული პათოლოგია დასაბამს აძლევს ორგანიზმის სხვა ნაწილების დასნებოვნებას და ონკოლოგიური დაავადების პროვოცირებასაც ახდენს.ბრიტანელი მეცნიერების კვლევის თანახმად: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოთა სიმსივნეების დროს სიმსივნურ უჯრედებში არსებობს ფერმენტი, რომელსაც პაროდონტიტის დროს ბაქტერიები გამოყოფს. თუ ადამიანი ეწევა, დიდია ასევე ფილტვის, სარძევე ჯირკვლისა და ნაღვლის ბუშტის სიმსივნის განვითარების ალბათობა. როგორც ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, აღნიშნული ფერმენტი აქვეითებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს სიმსივნური პათოლოგიის განვითარებას. ამიტომაც, დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ პირის ღრუს ჰიგიენასა და ღრძილების მდგომარეობის კონტროლს.