ძალოვანი სტრუქტურების ნატურალური თაფლით მომარაგების ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა. როგორც სატენდერო კომისიის დასკვნიდან ირკვევა, ტენდერში გამარჯვებულად „კულა“ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ თაფლის შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი იანვარში გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარი იყო მილიონ 24 ათას 800 ლარის ღირებულების 73 ათას 200 კილოგრამ თაფლზე. აქედან 25 ათას კილოგრამს შინაგან საქმეთა სამინისტრო, 14 ათას 600 კილოგრამს სასაზღვრო პოლიცია, 3 ათას კილოგრამს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კილოგრამს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 30 ათას კილოგრამს კი სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა შეიძენდა.
ტენდერში კომპანია ვ.ტ.-ც მონაწილეობდა, რომლის ასპროცენტიანი წილის მფლობელი ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, რუსული წარმოების "აპიდეის" კილოგრამ თაფლის მიყიდვას მთავრობისთვის 14 ლარად გეგმავდა. თუმცა, სატენდერო კომისიამ ამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, ის კილოგრამ თაფლს მთავრობას 14 ლარად და 44 თეთრად მიჰყიდის.