ტენდერში, რომელიც მთავრობისთვის 135 მაღალი გამავლობის ჯიპის მიწოდებას გულისხმობდა, გამარჯვებული უკვე გამოვლენილია. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 მილიონ 45 ათას ლარი იყო. ტენდერში წინადადებები ორმა კომპანიამ - "სენა ავტომ" და "ფრანს ავტომ" წარადგინეს. მათ მიერ შეთავაზებული თანხა კი შესაბამისად, 8 მილიონ 982 ათას 495 და 8 მილიონ 835 ათას 750 ლარი იყო. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად "ფრანს ავტო" გამოცხადდა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, შეთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2019 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ასევე აუცილებელი მოთხოვნაა, რომ შესასყიდი ავტომობილი იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.
შესყიდვების სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები არ არის განკუთვნილი მაღალი თანამდებობის პირთათვის და მათი შესყიდვა აუცილებელია ისეთი უწყებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, რომელთა საქმიანობის სფერო დაკავშირებულია საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და დაავადებათა კონტროლთან, სატყეო მეურნეობების მართვასთან და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან.