თანამედროვე მნიშვნელობით ტერმინი"კამიკაძე" პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს იმ იაპონელი თვითმკვლელი მფრინავების აღსანიშნად, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ანადგურებდნენ მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკას. თუმცა, თავად სიტყვა ბევრად ადრე გაჩნდა იაპონიის ისტორიაში.
1281 წელს, ჩინეთის დაპყრობის შემდეგ მონღოლმა ხანმა ხუბილაიამ უზარმაზარი ფლოტი (4,5 ათასი გემი და 140-ათასიანი არმია) შეკრიბა და იაპონიის ნაპირებს მიადგა, რათა ისიც საკუთარი მმართველობის ქვეშ მოექცია. ყოველთვის მებრძოლი იაპონელები ბევრად მცირე არმიით დაუხვდნენ მტერს, თუმცა, ლეგენდის თანახმად გადამწყვეტი ბრძოლა არ შედგა, რადგან მოულოდნელად ზღვაზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა მონღოლების მთელი ფლოტი გაანადგურა. სწორედ ტაიფუნს, რომელმაც იაპონელები დაპყრობისგან გადაარჩინა, ეწოდა "კამი კაძე" ანუ "ღვთაებრივი ქარი". რამდენიმე ასწლეულის შემდეგ, იაპონელებმა ისევ გააცოცხლეს ძველი თქმულება და თვითმკვლელ მფრინავთა რაზმი "კამიკაძე" შექმნეს, რომელის მთავარ მიზანს მოწინააღმდეგის გემებისა და თვითმფრინავების განადგურება წარმოადგენდა.