ტარიელ ონიანის ციხიდან გამოშვებამ რუსეთსა და სამხრეთ კავკასიაში გავლენების შენარჩუნების თემა ისევ წამოსწია. როგორც აფხაზური მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერს - რეგიონში არსებული დროებითი სიმშვიდე, ისევ დაირღვა. უკვე რამდენიმე თვეა, "კანონიერი ქურდების" გუდაუთის დაჯგუფებამ, რომელსაც რაულ ბარცბა, იგივე “პიზა” მეთაურობს, თავის ნათლულებთან - ასტამურ შამბასთან, იგივე "ასტიკთან" და ალხაზ ავიძბასთან ანუ "ხასიკთან" ერთად, გალის რაიონზე კონტროლი გადაიბარეს.ადგილობრივების ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, გალში გუდაუთელი “კანონიერი ქურდები” რამდენიმე ათეული მანქანითა და დიდი ოდენობით მხარდამჭერთან ერთად ჩავიდნენ, რა დროსაც "პიზამ" გალის რაიონის "ობშიაკის" მათი კლანისთვის გადაბარება მოითხოვა. ბოლო დრომდე გალს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი "ჩირო გალსკის" ნათესავი, გია შონია აკონტროლებდა. თავად "ჩირო" ამჟამად რუსეთშია და მას იქედან უჭერდა მხარს.