თბილისში რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით საბაგირო გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ცნობილია. სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ახალ საბაგიროს შპს „დაგი“ ააშენებს.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით საბაგირო გზის მშენებლობაზე ტენდერი უკვე მესამედ გამოცხადდა. ბოლო ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 მილიონ 374 ათას 362 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ - „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ და „დაგმა“ მიიღო. ყველაზე ნაკლები თანხა - 6 მილიონ 994 ათასი ლარი კი კომპანიამ „დაგი“ დააფიქსირა. შესაბამისად, გამარჯვებულიც „დაგი“ გახდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 თვეში უნდა უზრუნველყოს.