KFC - სწრაფი კვება - მეოცე საუკუნის მოვლენა, რომელიც დროის, ფინანსებისა და გემოს სინთეზით ახალ კულტურად ჩამოყალიბდა. კაფე-რესტორნები რამდენიმე წუთში დამზადებულ კალორიულ საკვებს გვთავაზობენ რომლის სარგებლიანობა მისი მასიური დამზადების გამო ეჭვქვეშაც კი დადგა, თუმცა ეს სულაც არ დასტყობია მომხმარებელთა რაოდენობას. საუკუნეში, როდესაც ადამიანებს საოცრად ეჩქარებათ და გარეთ კვება გარკვეულ კომფორტს უკავშირდება წასახემსებელი სივრცეების რაოდენობაც ელვის სისწრაფით მატულობს.
პირველი ასეთი კომპანია ამერიკაში 100 წლის წინ დაარსდა White Castel, რომელიც ბურგერებს 5 ცენტად ყიდდა. მათი პოპულარობა საკვების სწრაფად გამზადებისა და მისი ფასის საფუძველზე გაიზარდა, შესაბამისად თანდათან გაფართოვდა და მენიუში დაამატა ახალ-ახალი გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი საკვები. ასე გრძელდებოდა მანამდე, სანამ კონკურენტები არ გამოჩნდნენ, რომელთა შესახებ სხვა გადაცემებში მოგითხრობთ. დღეს კი თქვენს ყურადღებას ერთ-ერთ ცნობილ ფირმაზე შევაჩერებთ - KFC ეს Kentucky Fried Chicken - შემწვარი ქათამი კენტუკიდან, რესტორნების საერთაშორისო ქსელი.
სავაჭრო ბრუნვით ის მსოფლიო სასადილო ქსელებში მეორე ადგილს იკავებს მაკდონალდსის შემდეგ. დღეისთვის, მსოფლიოს 145 ქვეყანაში KFC -ის 25 000 საკვები ობიექტია გახსნილი, სადაც დასაქმებულია მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი. კომპანიის ღირებულება ამ დროისთვის 5 მილიარდ 11 მილიონი დოლარია. ქსელი Yum! Brands შვილობილი კომპანიის ნაწილია, ასევე ფლობს Pizza Hut, Taco Bell და WingStreet ქსელს. მის მიერ წარმოებული შემწვარი ქათმის ნაწილების სხვადასხვა ვერსია მალე გახდა სხვადასხვა გემოვნებისთვის ყველაზე სასურველი fast-food-ი.