შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის თანამშრომელს შესაძლო გადაცდომის გამო სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით კახეთის რეგიონის სოფელ ენისელის მიმართულებით განხორციელებული სავარჯიშო ფრენების დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. მათივე ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის გამო, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა.როგორც ცნობილია, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების: შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში, მოსწავლეებს ვერტმფრენიდან ნაკურთხი კანფეტები ჩამოუყარეს.
იხილეთ: მეუფე ვერტმფრენიდან კურთხევაზე - "ასე, ხატები შემოატარეს მოსკოვს და მტერი ვერ შევიდა"