პარტიული სიის სანქცირება მისი რეგისტრაციის მოხსნით, იმის გამო, რომ მისი პოლიტიკური ლიდერი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, არაპროპორციულ ზომად აღიქმება, - ამის შესახებ აღნიშნულია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასვკნაში, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის შესწორების პროექტს ეხება.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, კანონპროექტმა შესაძლოა, კანდიდატებისა და ამომრჩევლების უფლება ერთდროულად შეზღუდოს.
ვენეციის კომისია დამატებით შეშფოთებას გამოხატავს დროის ლიმიტირებულობისა და იმ რისკის მიმართ, რაც იმას გულისხმობს, რომ რეგისტრაცია გაუქმებული პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ხმების დათვლა აღარ მოხდეს, შედეგად კი ამომრჩეველთა ხმები განულდეს და მათი არჩევანის გაკეთების უფლება შეიზღუდოს.
ვენეციის კომისია, აღნიშნულიდან გამომდინარე, რეკომენდაციას გასცემს, რომ კანონპროექტის მიღების საკითხი გადაიხედოს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ არაპროპორციულად აღიქმევა ასევე პოლიტიკური პარტიების და არა ცალკეული დეპუტატების სანქცირება დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპარლამენტო სხდომებისა და სესიების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, არაპროპორციულად აღიქმება საპარლამენტო რეგლამენტის შესწორების საკითხიც, რომელიც იმავე შემთხვევაში დეპუტატის ანაზღაურების დაქვეთას ითვალისწინებს.
ვენეციის კომისიაში ვარაუდობენ, რომ ეს შემოთავაზება, წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთანაც, რომელიც დეპუტატების ანაზღაურების აუცილებლობას ადგენს.