იტალიის მთავრობა ვენეციის ვიზიტორების რაოდენობაზე შეზღუდვას აწესებს, რისი მიზანიც მასობრივი ტურიზმის შემცირებაა. ვენეციის მერის მოადგილე ტურიზმის საკითხებში ამბობს, რომ ყოველდღიური ტურიზმი ქალაქს აზიანებს.
Euronews-ის ცნობით, თუ აქამდე ვენეციის ქუჩებსა და მოედნებზე ყოველდღიურად 100 ათასამდე ტურისტს შეეძლო მოძრაობა, რამდენიმე კვირის შემდეგ ქალაქში თავისუფლად შესვლა აღარ იქნება შესაძლებელი.
2022 წელს ტურისტები ვენეციას მხოლოდ მას შემდეგ მოინახულებენ, რაც 5 ევროდ ონლაინ ბილეთებს დაჯავშნიან. Euronews-ის ცნობით, ბილეთები ძალაში მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში იქნება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვენეციაში უკვე გამოჩნდა კარიბჭე, რომლითაც ქალაქის ისტორიულ ცენტრებში მთავარი შესასვლელები ჩაიკეტება.ამასთან, ტურისტების ნაკადს 500 კამერა დააკვირდება, ხოლო ადგილობრივი პოლიცია, მობილური ტელეფონების მონაცემების საშუალებით, ადამიანების ამოცნობას რეალურ დროში შეძლებს.