ვენესუელის ოპოზიცია აცხადებს, რომ ნორვეგიის შუამავლობით ვენესუელის მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაწყებული დიალოგი დასრულდა. როგორც ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტ ნიკოლას მადურომ მოლაპარაკებების პროცესი მიატოვა.
"40 დღე გავიდა, მას შემდეგ რაც მადუროს რეჟიმმა უარი განაცხადა მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, ამიტომაც ვადასტურებთ, რომ მოლაპარაკებების ბარბადოსის მექანიზმი დასრულდა", - განაცხადეს გუაიდოს ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, ვენესუელის მთავრობასა და ოპოზიციას შორის კუნძულ ბარბადოსზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში მასშტაბური გამოსვლები დაიწყო ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ.
მხარეებს შორის ბოლო შეხვედრა აგვისტოში გაიმართა, როდესაც მადუროს წარმომადგენელმა მოლაპარაკების მაგიდა დატოვა აშშ-ის მიერ ვენესულეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების გამო პროტესტის ნიშნად.
ხუან გუაიდო აცხადებს, რომ ვენესუელის მთავრობას მოლაპარაკებები დროის მოგების მიზნით სურდა.