ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მათ შორის მიღწეულ მარტის შეთანხმების პირობებს, მათ შორისაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემის მიმართულებით, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოქვეყნდა.
ამასთან, ჯიმ რიში აზიარებს შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომელიც საქართველოში პოლიტიკური დიალოგის სხვა ფასილიტატორებთან ერთად საელჩომ გუშინ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ფასილიტატორმა ელჩებმა გუშინ "ქართული ოცნების" მიმართვის საპასუხოდ განცხადება გაავრცელეს და განმარტეს, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგებოდა: ერთი ფოკუსირებული იყო საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებდა იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.
ფასილიტატორი დიპლომატების განმარტებით, მათი როლი შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას არ გულისხმობს, რის გამოც უცხოელმა ელჩებმა შეთანხმების შინაარსის მეტი კონკრეტული განმარტებისგან თავი შეიკავეს.