მე ველოდები აშშ-ისა და საქართველოს ახლო პარტნიორობის გაგრძელებას სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას - ამ სიტყვებით ულოცავს შეერთებული შტატების პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. დონალდ ტრამპი წერილში საქართველოს კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების იმედს გამოთქვამს. „ქალბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას, ასევე საქართველოს მეტ ინტეგრაციას დასავლეთთან. ჩვენ მადლიერი ვართ თქვენი ქვეყნის მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის და ქართველი სამხედროების მიერ გაღებული მსხვერპლისთვის. საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და ქართველ ხალხს“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის მისალოც წერილში