მუსკარისს და სოვინიე გრის მალე გაიცნობს მევენახეობა-მეღვინეობის სამყარო. ეს არის ახალი ჯიშები, რომლებიც ავსტრიელმა მეცნიერებმა გამოიყვანეს. მთელ მსოფლიოში დღეს მეცნიერები დაჟინებით ცდილობენ, შექმნან ახალი ჯიშები, რომლებიც მაქსიმალურად გამძლე იქნება ინფექციების მიმართ. თუმცა, მათ ჯერ კიდევ არ იციან, მათ მიერ გამოყვანილ ჯიშებს, რომლებიც სოკოს ინფექციას კარგად უძლებენ, ღვინის ბაზარი როგორ მიიღებს.ეკოლოგიური პერსპექტივიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, მეცნიერების შრომა უკვე დაფასებულია: სოვინიე გრი და მუსკარისი ოიდიუმს და პერონოსპორას საუკეთესოდ უძლებენ.ეს ნიშნავს ნაკლებ შხამებს ყურძნის დასაცავად და შესაბამისად, გარემოს ნაკლებ დაბინძურებასაც. თუმცა, ერთია ჯიშის გამძლეობა სხვადასხვა დაავადებათა მიმართ, მაგრამ საინტერესოა, როგორი გემო აქვს ასეთ ჯიშისგან დაყენებულ ღვინოს?ყველა მეტნაკლებად კვალიფიციურმა მეღვინემ კარგად იცის, რომ უწამლი ჯიშების დიდი ნაწილი გემოვნური თვისებებით მაინცდამაინც არ ბრწყინავს. ავსტრიელმა სპეციალისტებმა გამოიკვლიეს და მუსკარისის და სოვინიე გრის გემოვნური თვისებები უარყოფითი არ აღმოჩნდა.თქვენ წარმოიდგინეთ, მჟავას და ალკოჰოლის მაღალი შემცველობის გამო ამ ჯიშებს დაძველების საუკეთესო პოტენციალიც კი გააჩნია. როგორც ავსტრიული ღვინის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ვილი კლინგერი ფიქრობს, სოვინიე გრი და მუსკარისი მომავლის ჯიშებია, რადგან სწორედ მომავალში, ადამიანთა განათლების და კულტურის დონის ზრდასთან ერთად გახდება განსაკუთრებით აქტუალური ეკოლოგიური ფაქტორი და უპირატესობა ისეთ ჯიშებს მიენიჭება, რომლებიც გარემოს ყველაზე ნაკლებად დააბინძურებენ.თუმცა, კლინგერი ხაზს უსვამს იმას, რომ ახალი ჯიშების გაშენება სარისკოა, რადგან შეიძლება ღვინო მაღალი ხარისხისაც იყოს, ეკოლოგიურად სუფთაც, მაგრამ ბაზარმა ის მაინც არ მიიღოს. აღნიშნული რისკის მიუხედავად,ავსტრიელმა მევენახემ ვალტერ სკოფმა მუსკარისი და სოვინიე გრი უკვე გააშენა 60 ჰექტარ ფართობზე. ის ცდილობს, გარემოზე ზრუნვის მოტივით რისკზე წავიდეს.2020 წელს სკოფი პირველ მოსავალს აიღებს. ვნახოთ, როგორ შეფასებას მისცემენ ღვინის მოყვარულები მისი ყურძნისგან დაყენებულ ღვინოს.