ვაზიანში ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელები გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ 6 თვე იმსახურებენ. თავდაცვის მინისტრმა ნაკრები ასეულის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება. ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ ლევან იზორია სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს პირადად გაესაუბრა და მადლობა გადაუხადა „მტკიცე მხარდაჭერის„ მისიაში მონაწილეობისთვის.