ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი ამბობს, რომ ინკასო, რომელიც ტელეკომპანიას 25 დეკემბერს დაედო, მოხსნილია.
სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებული სტატუსით წერეთელი ფინანსთა მინისტრს, ვანო მაჭავარიანს მიმართავს, რომ მან სახელისუფლებო არხებს გადასახადები გადაახდევინოს.
"მოდით დავიწყოთ ჩელენჯი - TV პირველი იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები" - წერს ვატო წერეთელი.
ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, 23 დეკემბერს გააფრთხილა. უწყებამ ტელევიზიებს ერთი დღის ვადას მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ. დავალიანებები "იმედს", რუსთავი 2-სა და მაესტროს 2016 წლის შემდეგ, 1 ოქტომბრამდე დაუგროვდათ. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ ვალის რესტრუქტურიზაციაზე შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის, მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება.