ვარკეთილში, მე-9 სართულიდან გადავარდნილი 16 წლის ბიჭის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებული ორი არასრულწლოვნის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი დავით გირგვლიანი აცხადებს, რომ მტკიცებულებათა ნაწილი კანონის დარღვევით არის მოპოვებული. მისივე თქმით ტრაგედია ძარცვასთან კავშირში არ არის და აცხადებს, რომ შემთხვევიდან მალევე, პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანი გოგონა მიიყვანეს. ადვოკატს აინტერესებს, თუ რატომ არ ჩანს აღნიშნული პირი საქმის მასალებში, ან საერთოდ დაკითხეს თუ არა ის.
ცნობისთვის, საქმეზე სულ 6 პირია დაკავებული. მათგან 2 არასრულწლოვანია, მათი საქმე დანარჩენი 4 პირის საქმისგან ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მოზარდს ტელეფონი წაართვეს, რის გამოც მან თავი მოიკლა.