ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა მესამე მასივში მოხდა.
როგორც "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი მოზარდის მეზობლების ინფორმაციით, ბიჭი მეგობართან იყო სტუმრად, როდესაც ტრაგედია მოხდა. მათი ვერსიით, ბიჭი 9-სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა, სადაც ის, სავარაუდოდ, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, სამართალდამცველებმა სახურავზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
დაღუპული მოზარდი 108-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო. სკოლის ისტორიის მასწავლებლის, ფიქრია ჯაბანიშვილის განცხადებით ის თვითმკვლელობას გამორიცხავს. მისი თქმით, 16 წლის ბიჭი სკოლაში არც ბულინგის მსხვერპლი ყოფილა და პრობლემები არც ოჯახში ჰქონდა.