პარტია "ლელო საქართველოსთვის" მურად წურწუმიას მკვლელობის საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
როგორც პარტიის პრესსპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა გამოძიება პროკურატურის ნაცვლად დამოუკიდებელმა ორგანომ, თუნდაც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა უნდა გადაიბაროს. ნაცვლიშვილის თქმით, პროკურატურა ამ საქმეს ობიექტური გამოძიების საშუალებას არ მისცემს. "ლელოში" აცხადებენ რომ ხელისუფლება ამ საქმის ჩაფარცხვას გეგმავს.
თბილისში, 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ზურა ფოფხაძეა დაკავებული. საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათებში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. "დამპალოს სასაფლაოს" ტერიტორიაზე მოხდა. პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.