ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მასთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას „ურცხვ ტყუილს“ უწოდებს.
ჩხარტიშვილი ხაზარაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის „საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცადა“.
„ახალი პარტიის დამფუძნებელი თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში, სამოქმედო პროგრამის ნაცვლად, 30 წუთი ჩემთან დავაზე რომ იჭორავებს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, არანაკლები ვიდრე ის ტყუილები, რომლითაც იგი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცადა. სააკაშვილთან ალიანსში ბიზნესმენთა დარეკეტებაში მონაწილეობა არ თეთრდება და ვერც ურცხვი ტყუილით გადაიფარება, როგორც ეს წუხელ სცადა ხაზარაძემ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რამდენად იმსახურებს ახალგამომცხვარი პარტიის ლიდერი ნდობას”, - აცხადებს ჩხარტიშვილი.