ვალუტის გადაცვლა ელექტრონული აპარატებითაც იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 20 აგვისტოს ბრძანებაშია აღნიშნული, რომელიც "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში" ცვლილებების შეტანას გულისხმობს.
მეწარმე სუბიექტმა, რომელსაც სურს ვალუტის გადაცვლის ოპერაციები ელექტრონული აპარატების მეშვეობით განახორციელოს, რეგისტრაციის მიზნით ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ელექტრონული აპარატი იღებს ნებისმიერი ნომინალის ლარის ბანკნოტს და მონეტას. უცხოური ვალუტის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მხოლოდ 100 ან უფრო დაბალი ნომინალის ბანკნოტების და მონეტების მიღება, გარდა რუსული რუბლის, თურქული ლირის, აზერბაიჯანული მანათის, სომხური დრამისა და უკრაინული გრივნის.
ამასთან, ბრძანების თანახმად, კლიენტის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ჯამური ოპერაციების მოცულობა დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 ათას ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.