თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მერიამ ტენდერი მესამედ გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ახალი ტენდერის მიხედვით, შესყიდვის ღირებულება ყველაზე მაღალია.
კერძოდ, 16 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 11 მილიონ 563 ათას 373 ლარს შეადგენდა. მეორე ჯერზე, მერია იგივე სამუშაოებში 10 მილიონ 925 ათასის დახარჯვას გეგმავდა. ამჯერად კი, შესყიდვის ღირებულება 13 მილიონ 452 ათას 206 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, მერიის მიერ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებული 1-ლი ტენდერი შეწყდა საჩივრის გამო, რომელიც სატენდერო კომიისიის მიერ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადახედვას მოითხოვდა. მეორე ტენდერი კი უარყოფითი შედეგით დასრულდა.