სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის რამდენიმე საათიანი დაკითხვა დასრულდა. მან სუს-ის შენობა უკვე დატოვა.როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ყველა კითხვას უპასუხეს. მისივე ინფორმაციით, დღეს მაჩალიკაშვილმა მოისმინა აუდიო ჩანაწერიც, რომელიც სუს-მა გაავრცელა და „გარკვეული შენიშვნებიც გააკეთა“. მისივე თქმით, სუს-ში განუცხადეს, რომ აუდიო ჩანაწერის აუთენტურობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ექსპერტიზა, ასევე აიღეს მაჩალიკაშვილის ხმის ნიმუშიც. კუბლაშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებები შეაჯამებენ ყველა მტკიცებულებას და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით, რაც გამორიცხული არ არის. თავად მაჩალიკაშვილის თქმით, მან ყველა დასმულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.