დიახ, ვადასტურებ, რომ ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიექტური აზრით, ჩატარებული არ იყო, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის სხდომაზე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. გახარია თვლის, რომ სამოხელეო გადაცდომებზე სისხლის სამართლის საქმე უნდა დაიწყოს და მზადყოფნას გამოთქვამს, ჩვენება პირველმა მისცეს. ამასთან, შს მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა გააკრიტა და როგორც განაცხადა, მოხდა თავად კომისიის დისკრედიტაცია, რადგან მან ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია. ამასთან გიორგი გახარიამ განაცხადა, თუ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება წინ ვერ წავა კონკრეტული პირების სუბიექტური მიზეზების გამო, ამაზე ყველა აგებს პასუხს. მისი თქმით, შსს-ს ვალდებულებაა, ეს გამოძიება გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე შესაძლებელ დონეზე საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი არ გაეცემა.