ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმა/საურავების ოდენობა იცვლება. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის მიხედვით, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა თითოეულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, გამოდის რომ სანქციის ოდენობა წლიურად 98.55%-ზე მეტი არ უნდა იყოს. მაშინ როცა სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციით, თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.