უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამსამწესებელი 10 მოსამართლე პარლამენტს მათი კანდიდატურების აცილების მიზნით მიმართავს. ამის შესახებ მოსამართლეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მოსამართლეობის კანდიტატები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა პროცესებმა რეპრესიული ხასიათი მიიღო, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე მიტანილ ზეწოლაში გამოიხატა. მოსამართლეთა განმარტებით, სწორედ ამ ზეწოლის და სპეკულაციების თავიდან არიდების მიზნით მიმართავენ ისინი პარლამენტს, რომ არ განიხილონ მათი კანდიდატურები. ერთობლივ განცხადებას ხელს 10-ვე კანდიდატი აწერს. „ამ საკითხს მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, მათ შორის პარლამენტში და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები და ამის შემდეგ ახლებური წესით უნდა მოხდეს კანდიდატების ნომინირება. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განდევნილ იქნენ მიუღებელი, მათ შორის, ამ სიაში მყოფი მოსამართლეები. ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. ჩვენ არ გვსურს გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს.“ - აღნიშნულია განცხადებაში.