საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე, რომელმაც 53 მილიონს გადააჭარბა.
"აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას. ყურადღება გაამახვილეს ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვის მზაობისა და ტესტირების პროცესის კუთხით არსებულ ვითარებაზე. საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დადგენილი წესების ზედმიწევნით აღსრულების აუცილებლობას, მათ შორის პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.