12 მაისის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში უკვე 10 698 მოქალაქე დაბრუნდა, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა კი ადგილზე დახმარება გაუწიეს 19 965 პირს. საქართველოს მოქალაქეების სახმელეთო და საზღვაო გზებით სამშობლოში დასაბრუნებლად რეისები საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაიგეგმა.
ფრენები უკვე შესრულდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან და პრაღიდან, დღეს კი საქართველოს მოქალაქეები ლონდონიდან დაბრუნდებიან.
რეისით საქართველოში 120-მდე მოქალაქე ჩამოვა, რომელთა შორის სტუდენტები, ხანდაზმული პირები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები და ტრანზიტული მგზავრები არიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეისზე ბორტის სამგზავრო ადგილები არ იქნა სრულად ათვისებული, რაც კორონავირუსის გავრცელების შედეგად სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობის კლების დადებით ტენდენციაზე მიანიშნებს.