ივანიშვილის ხელისუფლება შესაცვლელია, მაგრამ არა სააკაშვილის ხელისუფლებით. აი, ამ კონცეფციის ფარგლებში ვიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებას დღესაც და მივიღებთ მომავალშიც, - ასე გამოეხმაურა "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი "ევროპული საქართველოს" ინიციატივას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა "ქართულ ოცნებასთან" კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარი თქვან.
ამასთან, როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, "ევროპული საქართველოს" განცხადება ახალი არ არის, რადგან ისინი, სავარაუდოდ, არც მანამდე აპირებდნენ "ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნას.
დავით უსუფაშვილმა საკითხთან დაკავშირებით "შენების მოძრაობის" პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მომავალი კოალიციის კონტურებზე ახლა საუბარი უსაგნოა.
"ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ "ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან".