ნატო-სთან მტკიცე ურთიერთობა არის საფუძველი საქართველოს საგარეო პოლიტიკის და მისი უსაფრთხოების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში მეხუთე სტუმრობა პირდაპირ მიუთითებს ნატო-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველომ მიიღო დაპირება წევრი ქვეყნებისგან, რომ გახდებოდა ნატო-ს წევრი და ეს დაპირება ამოძრავებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. განცხადება გააკეთა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემაც. როუზ გოტმიოლერის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს.