გაეროს ბავშვთა ფონდის "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის" თანახმად, 2017 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 771 ლარი და 90 თეთრი შეადგინა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, შემოსავლების მატება, ძირითადად, სახელფასო და თვითდასაქმებულების შემოსავლების ზრდამ გამოიწვია. კერძოდ, კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ნომინალურ გამოხატულებაში 31 პროცენტით ანუ 95 ლარით გაიზარდა სახელფასო შემოსავლები და 403 ლარი შეადგინა; თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლები - 51 ლარით გაიზარდა და 147 ლარი შეადგინა.
ამასთან, დაფიქსირდა ტენდენცია, რომ ადგილობრივი შინამეურნეობები უცხოეთიდან გადმორიცხულ ტრანსფერებზე ნაკლებად დამოკიდებული ხდებიან და მეტ შემოსავალს სწორედ საკუთარი შრომიდან იღებენ, რაც ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიანიშნებს.