უნგრეთი ევროკავშირის მიერ შეთავაზებული უსაფრთხო ქვეყნებიდან საზღვრებს მხოლოდ მეზობელი სერბეთისთვის გახსნის.
"ამ დროისთვის ევროკავშირის თხოვნას ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან ეს უნგრელი ხალხის ჯანდაცვის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა იქნება", - აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
მანვე აღნიშნა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უნგრეთის ტერიტორიას ტრანზიტით გაივლიან, სპეციალური დერეფნის გავლა მოუწევთ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის საბჭომ იმ მესამე ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც წევრმა ქვეყნებმა სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნა უნდა დაიწყონ. აღნიშნულ ქვეყნებს შორის მოხვდნენ: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და გარკვეული წინაპირობით ჩინეთიც.