ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის სამ კომპანიასთან ჯავახეთში საწვავის შესყიდვაზე 674 სახელმწიფო შესყიდვა გაფორმდა, მათ შორის 665 პირდაპირი წესით. კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2010-2019 წლებში 2 312 278 ლარი მიიღეს, - ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციაშია აღნიშნული, თავად ენზელ მკოიანიც მაჟორიტარული ბიუროსთვის საწვავს მხოლოდ ოჯახის კომპანიიდან ყიდულობს.
„ოთხ წელში გაფორმებული 34 პირდაპირი შესყიდვით, ბიურომ შპს-ს 78 339 ლარი გადაურიცხა. აქედან 49 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები დეპუტატმა კომპანიის დირექტორთან, საკუთარ ბიძასთან პირადად გააფორმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს მკოიანების მფლობელობაში მყოფი შპს „მეეკისა“ და შპს „ეს ჯი გაზ - კომპანის“ თითოეული სახელმწიფო შესყიდვა და დაადგინოს, ხომ არ იყო ეს შესყიდვები მათთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და იკვეთება თუ არა კორუფციის შესაძლო კონკრეტული ნიშნები.
„ენზელ მკოიანი 20 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია. იგი ოთხჯერ ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ბოლოს, მეხუთედ კი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში აირჩიეს „ქართული ოცნებიდან“.
ენზელ მკოიანი პარლამენტში 1999 წლის 20 ნოემბერს შევიდა. ზუსტად ერთ თვეში, 21 დეკემბერს მისმა ძმამ, მარტუნ მკოიანმა და ბიძამ, ნორაირ მკოიანმა შპს „მეეკი” დააფუძნეს. 2018 წლის იანვრიდან ამ კომპანიის დირექტორის მოადგილედ ენზელ მკოიანის შვილი, დავით მკოიანი დაინიშნა, 2019 წლის ივნისიდან იგი შპს „მეეკის“ 25% წილის მფლობელიც გახდა. შპს-ს დირექტორი წლების განმავლობაში ნორაირ მკოიანი იყო, 2009-2016 წლებში, სხვადასხვა დროს, ჯამში ორი წლით, კომპანიას გაიოზ ლომსაძე ხელმძღვანელობდა. 2017 წლის ნოემბრიდან ლომსაძე ახალქალაქის საკრებულოში „ქართული ოცნების” სიით შევიდა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაც დაიკავა.
2008 წლის 6 მაისს, მკოიანებმა რუსეთის მოქალაქესთან და ბიზნესმენთან არამ სანოსიანთან ერთად ნავთობპროდუქტების დისტრიბუციის მიზნით, კიდევ ერთი შპს „ეს ჯი გაზ - კომპანი“ დააფუძნეს. მისი დირექტორი და 60% წილის მფლობელი არამ სანოსიანია, 20%-ს მისივე კომპანია „სატახა“ ფლობს, 20%-ს კი - „მეეკი”.
ორი წლის შემდეგ, საწვავის ბიზნესში, ენზელ მკოიანის უფროსი შვილი კარაპეტ მკოიანიც ჩაერთო. მან 2010 წლის 26 აპრილს, ახალქალაქში, შპს „ახალგაზი“ დააფუძნა. მაშინ იგი 50% წილს შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“ უყოფდა, ახლა კი ამავე პროცენტით წილში შპს „ნეოგაზი“ ჰყავს”, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.