პარლამენტის პლენარული სხდომა უმრავლესობის წევრებს შორის დისკუსიით დაიწყო. დეპუტატები ნიკა მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელეს.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, როდესაც ერთი დეპუტატი ტოვებს მანდატს და მის ადგილს მეორე იკავებს, ეს ფორმალობაა, რასაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს. მდინარაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პლენარულ სხდომას არ ესწრება და მისი გუნდის წევრის მხარდასაჭერად კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს. მდინარაძის თქმით, ამის მიუხედავად, უმრავლესობა პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას მხარს დაუჭერს.
უმრავლესობის ლიდერის პოზიციას არ დაეთანხმა უმრავლესობის რამდენიმე წევრი და აცხადებს, რომ როდესაც თავად "ნაციონალური მოძრაობა" კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს, ბადრი ბასიშვილს მხარი არც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაუჭიროს.