კასპია-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტი, რომლის მონაწილე მხარეები საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და თურქმენეთი არიან, უკვე მზადაა. ამის შესახებ აზერბაიჯან-რუმინეთის სამთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე ქვეყნის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე სამირ მამედოვმა განაცხადა, რასაც სააგენტ Trend-ი ავრცელებს.ამჟამად პროექტი მხარეთა განსახილველად არის წარდგენილი.
საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტი, კასპია-შავი ზღვა 2018 წლის 24-25 ოქტომბერს, აშხაბადში გამართულ ექსპერტთა შეხვედრაზე იქნა ინიცირებული, რომელშიც ამ ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მარშრუტი კასპიის ზღვის გავლით თურქმენეთიდან აზერბაიჯანამდე გადის, შემდეგ კი რკინიგზით საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმართულებით და იქიდან რუმინეთამდე გრძელდება.
მარშრუტის განვითარების მიზნით შეიქმნება ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ტექნიკურ ასპექტებზე შეთანხმდება, ასევე, პროცედურების ოპტიმიზაციას, ტარიფების ჰარმონიზაციასა და საბაჟო პროცედურების გამარტივებას შეუწყობს ხელს.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე რეგიონებში, ანუ შავი ზღვის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით კავშირს გააღრმავებს, რაც აზიასთან ევროპის დასაკავშირებლად მეტად მნიშვნელოვანია.