"მთავრობა ხართ თუ ოპოზიცია, იქნებ თქვენთვის იჩხუბოთ ერთმანეთში და ჩვენ გვაცადოთ საქმის კეთება," - ასე ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
როგორც ალავერდაშვილი აცხადებს, ივნისში გავრილოვის ვიზიტის შედეგად განვითარებული მოვლენების შემდეგ, ტურიზმის სექტორმა 24 საათიანი მუშაობა დაიწყო და ცოტა რაღაცეები გამოასწორეს.
„მერე იყო 7 ივლისის განცხადება. შედეგად კი, უკვე აღარც გვეკონტაქტებიან. უბრალოდ გვიუქმებენ ჯავშნებს. არ ვართ ჩვენ არავისტები, ჩვენ საქართველოისტები ვართ, ამ ქვეყნისთვის ვმუშაობთ, უამრავ გადასახადებს ვიხდით ბიუჯეტში და ვცდილობთ აქ ჩამოსული სტუმარი ბედნიერი გავუშვათ, ვცდილობთ ყველაფერ ქართულს მაქსიმალური პოპულარიზაცია გავუკეთოთ, ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართულ წარმოებებს და რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქცია შევიძინოთ. მოკლედ მთავრობა ხართ თუ ოპოზიცია იქნებ თქვენთვის იჩხუბოთ ერთმანეთში და ჩვენ გვაცადოთ საქმის კეთება და გპირდებით, ორივეს შეგინახავთ, ორივეს გეყოფათ ჩვენი გადახდილი გადასახადები, ორივე კარგად იქნებით თუ ჩვენ დაგვაცდით ბიზნესის წარმოებას და თქვენ პარტიულ ვნებებს ნუ გადააყოლებთ ქვეყანას,“- წერს ალავერდაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.