უკრაინის შს სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ვლადიმერ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის დებატებზე, რომელიც შესაძლოა, კიევის "ოლიმპიურ" სტადიონზე გაიმართოს, აკრძალული ნივთები არ მიიტანონ.
"თუ დებატები სტადიონზე გაიმართება, მოგიწოდებთ ნუ მოიტანთ იარაღს და იმ საგნებს, რომელიც შეიძლება როგორც იარაღი იქნეს გამოყენებული. ძალიან მკაცრი შემოწმება იქნება. არ გაგიკვირდეთ სამართალდამცველების დიდი რაოდენობა", - განაცხადა უკრაინის შს სამინისტროს წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, უკრაინის შს სამინისტრო უკვე ემზადება დებატების "ოლიმპიურ" სტადიონზე შესაძლო ჩატარებისთვის.
შეგახსენებთ, რომ აქამდე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ზელენსკისთან დებატებს "ოლიმპიურ" სტადიონზე 14 აპრილს გამართავს. თავის მხრივ ზელენსკიმ სტადიონზე დებატების ჩატარების თარიღად 19 აპრილი დაასახელა. თუმცა საბოლოო თარიღი ჯერ მხარეებს არ შეუთანხმებიათ.