ჩვენ ერთობლივად, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, უნდა მივისწრაფოდეთ ევროპისკენ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა საპარლამენტო დონეზე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და პოზიტიურად შეაფასა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საქმიანობა.