უკრაინაში ომის 87-ე დღეა. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განაცხადებით, რუსეთმა მთელი თავისი ძალები ლუგანსკის ოლქის დაკავების მიზნით გადაისროლა, უკრაინის კონტროლის ქვეშ ტერიტორიის 10%-ია. მისი თქმით, ახლა ოკუპანტები ანადგურებენ სევეროდონეცკს ისე, როგორც მანამდე მარიუპოლს. ამასთან, რუსეთი აცხადებს, რომ "აზოვსტალის" ქარხანას რუსული არმია აკონტროლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "აზოვის" პოლკის დამცველთა ბოლო, 531 - კაციანი ჯგუფი, დანებდა. დეპარტამენტმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ "აზოვის" მეთაური ქარხნის ტერიტორიიდან გაიყვანეს სპეციალური ჯავშანმანქანით მისი უსაფრთხოების მიზნით. რუსული მედიის "ტელეგრამის" არხებმა ასევე გაავრცელეს 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურის, სერგეი ვოლინას ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ მისი ქვედანაყოფი ჩაბარდა. რუსეთის სამინისტრომ განაცხადა, რომ 16 მაისიდან 2 439-მა „ნეო-ნაცისტმა აზოვისა და უკრაინის ჯარისკაცმა“, რომლებიც ფოლადის ქარხანაში იყვნენ, „დაყარეს იარაღი და ჩაბარდნენ, 531 ბოევიკისგან შემდგარი ბოლო ჯგუფი დღეს ჩაბარდა".