უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიევში მოქალაქეების გაქურდვის ფაქტზე 4 ქართველია დაკავებული, სიმართლეს არ შეესაბამება - ამის შესახებ პალიტრანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები სავარაუდოდ აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. „უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიევში მოქალაქეების გაქურდვის ფაქტზე 4 ქართველია დაკავებული, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე, რომლის დროსაც კიევის ქუჩაში მოქალაქეები გაქურდეს, დაკავებული პირები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან, - განუცხადეს პალიტრანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში, ანტონოვიჩის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ძარცვის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები არიან. ბრალდებულების ჩხრეკისას ამოღებულია ძვირფასეულობა.